15/10/2022
18:40
სამართალი
ჩვენ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება ნელი დოროყაშვილი ფიქრობს, რომ ყველა იტყუება სასამართლოში, - ასე უპასუხა ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნელი დოროყაშვილი მას ადანაშაულებს ცრუ ჩვენების მიცემასა და იმაში, რომ ავჭალის ეპიზოდში ის ადგილზე არ იმყოფებოდა.
„მე სასამართლოში ხელი მოვაწერე, რომ ვიტყოდი მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ჩვენ ამ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება ის ფიქრობს რომ ყველა იტყუება სასამართლოში“,- განაცხადა კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახის წევრები ყველაზე კეთილი ადამიანები არიან, შესაბამისად, უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს მათთვის რაიმე მსგავსის გაკეთება შეუძლია.
„ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ და ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს შეუძლია რაიმე მსგავსის გაკეთება მათთვის“, - განაცხადა კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ.
ცნობისთვის, ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.
ამასთან, დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლთან ინციდენტი მოხდა, ეს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს არ დაუნახავს, ვინაიდან იქ არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.
0
0