11/10/2022
15:56
სამართალი
ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან განაცხადა, მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურანლისტებს აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
“თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. სხდომაზე მოწმის სახით იკითხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.
0
0