07/05/2023
16:53
კულტურა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი სამუშაო ვიზიტით დანიაში იმყოფებოდნენ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა ბეილერის ფონდის დირექტორ სამუელ კელერის, ლუიზიანას მუზეუმის დირექტორ პოლ ერიკ ტოინერის მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ლუიზიანას მუზეუმისა და ბეილერის ფონდის წარმომადგენლები.
“შეხვედრაზე გაიმართა ფიროსმანის შესახებ მომზადებული ვებგვერდის დემოვერსიის პრეზენტაცია. განიხილეს ფიროსმანის ფერწერული ტილოების კონსერვაცია-რესტავრაციისა და მუზეუმის თანამშრომელთა გადამზადების საკითხები. ინფორმაციისთვის: 2022 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმის პროფესიული თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩასაყრელად დანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ მუზეუმს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, გაითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს. კერძოდ, დანიელი კოლეგების დახმარებით შეიქმნება ინტერაქციული მრავალენოვანი ვებგვერდი ნიკო ფიროსმანისა და მისი შემოქმედების შესახებ, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მსოფლიოში ფიროსმანის უნიკალური ფენომენის პოპულარიზაციას. ქართველი მუზეუმელებისათვის შემუშავებული გადასამზადებელი და სასწავლო კურსების მიმდინარეობისას დანიელი კოლეგები საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ექსპონატების კონსერვაცია-რესტავრაციის თანამედროვე მეთოდების დასანერგად.
კონსერვაცია-რესტავრაციის ახალი მეთოდების გამოყენებასა და ამ დარგის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით 4 მაისს დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შერჩეულია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან. დანიის შემდეგ, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე, გამოფენას შვეიცარია, კერძოდ, ბეილერის ფონდი უმასპინძლებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0