14/09/2023
09:03
კულტურა
ვინსენტ ვან გოგის მოპარული ტილო „მღვდლის ბაღი ნიუენენში გაზაფხულზე (1884), ნიდერლანდებში იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნამუშევარი 2020 წელს, ამსტერდამის მახლობლად, ქალაქ ლარენის სინგერის მუზეუმიდან მოიპარეს. ტილო არტ-დეტექტივმა არტურ ბრანდმა აღმოაჩინა, რომელიც ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მუშაობდა. ბრანდის თქმით, ნამუშევარი მას სახლში კაცმა მიუტანა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.
ვან გოგის ტილო 1962-2020 წლებში გრონინგენის მუზეუმის კოლექციის ნაწილი იყო, შემდეგ კი ის სინგერის მუზეუმს მიაქირავეს, საიდანაც ის ფრანგმა კაცმა მოიპარა. 2021 წელს მას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ამ დროისთვის ტილოს, რომლის ღირებულებაც 3-6 მილიონ ევროს შეადგენს უკვე სხვა პირები ინახავდნენ. ბრანდი განმარტავს, რომ დროთა განმავლობაში მათთვის ნამუშევრის შენახვა „თავის ტკივილი“ გახდა, ამიტომაც, ერთ-ერთ წვეულებაზე არტ-დეტექტივთან ერთი კაცი მივიდა და კონფიდენციალურობის სრული დაცვის პირობით, ნახატის დაბრუნება შესთავაზა.
0
0