28/09/2022
11:28
სამართალი
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილმა ყველა მის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს და არ უნდა იყოს გამოყენებული მისი სტატუსი ან სახელი, როგორც პროვილეგია.
"სასჯელის მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე სასამართლოში განვაცხადე, რომ ნიკოლოზმა უნდა აგოს პასუხი და ისევე დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა პირი და არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი სტატუსი, სახელი და ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის პრივილეგია",-განაცხადა დოროყაშვილმა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბასილაშვილის ადვოკატების მხრიდან მასზე მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა.
"ჩემზე მიმდინარეობდა მიზანმიმართული ზეწოლა მისი ადვოკატების მხრიდან, თავისივე დასმულ კითხვებზე, როგორ კი საუბარს დავიწყებდი, კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ არ მესაუბრა. მთხოვდნენ და მაიძულებდნენ „კი“ ან „არა“ მეპასუხა ნებისმიერ შეკითხვაზე და ის შეკითხვებიც ისე ჰქონდათ დასმული, ვერც „კი“-ს და ვერც „არას“ ვერ ვუპასუხებდი. როგორც კი ძალადობაზე საუბარს ვიწყებდი, მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე კატეგორიულად მაჩერებდნენ. მიმდინარეობდა ჩემი, როგორც პიროვნების დისკრედიტაცია, როგორც ადამიანის, როგორც ქალის და როგორც ცოლის. იყო დამაკნინებელ ასპექტში მოხსენიება და მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ბუნებრივია, მე მათთან პოლემიკისთვის არ მოვედი, არამედ მოვედი სასამართლოს და მოსამართლის წინაშე ყველაფრის მოსაყოლად. ჩემთვის მორალურად ძალიან რთული იყო ეს პროცესი, მაგრამ მე თავდაპირველადვე ავირჩიე სამართლებრივი გზა და 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი სიჩუმეს და ამ წნეხს ვიტანდი", - განაცხადა დოროყაშვილმა.
მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი პროცესში უნდა ჩაერთოს და კითხვებზე თავის არიდება არ უნდა სცადოს.
რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო სხდომა არ იხურება და ირღვება თუ არა პირად ცხოვრებაზე საუბრით არასრულწლოვნის უფლებები, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ თუ მოსამართლე საჭიროდ ჩათვლის, სხდომის ნაწილს დახურავს.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
"ირმა ჭკადუა ორი წლის განმავლობაში ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი არასრულწლოვანი შვილის უფლებებს. ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ, აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე. ვგულისხმობ ცილისწამებას, ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას. ჩემი, როგორც პიროვნების სახელისა და სტატუსის შებღალვას, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას ორი წელია და ეს იყო მისი თვითმიზანი. თვითონ გახადეს საჯარო თემა და საზოგადოებისთვის აქტუალური, თორემ მე ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ახლა დაიხვია ხელზე, რომ ვითომ ჩემი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს მე ვარღვევ, რასაც თვითონ აკეთებენ ბოლო 2 წელია", - განაცხადა დოროყაშვილმა.
0
0