17/10/2022
15:34
სამართალი
ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, დადგინდეს მიზეზები, რის გამოც უსაფრთხოების მექანიზმმა არ იმუშავა.
„ჩვენი მთავარი ინტერესია, მოხდეს მიზეზების გამოკვლევა, რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც იყო ჩადებული პროექტში. ჩვენ სრულიად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ამასთან, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მდებარე შადრევნის შესახებ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროექტზე ყველა სტანდარტი იყო გათვალისწინებული.
„პროექტს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ განვმარტავ, როგორ წარიმართა პროცესი. ამ შემთხვევაში როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე ნებისმიერი სხვა საქალაქო სამსახური და სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებენ საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. კასკადის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება როცა მივიღეთ, ჩვენ შევადგინეთ ტექნიკური დავალება ამ რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც ჩადებული იყო ყველა სტანდარტი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი, შემდეგ მოხდა პროექტის ექსპერტიზა, რომელიც ჩაბარდა დედაქალაქს. ეს არის პირველი ეტაპი. როგორც პროექტზე, ასევე ექსპერტიზაზე სრული ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე – spa.ge-ზე. ანუ ეს მოხდა ტენდერის გზით. შემდეგ, როცა ჩავიბარეთ პროექტი, მოხდა მეორე სახელმწიფო შესყიდვა ანუ მეორე ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე.
ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს პროექტირების დონეზე. როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპი ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითად, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაექსპერტებული შესაბამისი მიღება-ჩაბარება, რომელსაც ხელს აწერს ქვეყანაში აკრედიტებული ექსპერტი. ასევე ჩაბარდა რამდენიმე ეტაპი და ყველა არის დაექსპერტებული, მათ შორის შადრევნის ნაწილი. თავად შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა 500 გვერდზე მეტია. ის დევს შესყიდვების საიტზე და ნებისმიერ პირს შეუძლია, ნახოს. ჩვენი სამსახური ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება. ასევე ამოწმებს დასკვნის შინაარსს, არის თუ არა დასკვნა დადებითი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა ეტაპზე დასკვნა დადებითი იყო და სამუშაოები პროექტს შეესაბამებოდა.
„დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ყველა ეტაპზე დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ქვეყანაში არსებულო ყველა სამშენებლო ნორმის დაცვით. ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ მიღება-ჩაბარების ნებართვა. მუნიციპალიტეტს ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეეტენა აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში. მუნიციპალიტეტი არ იბარებს მაგალითად, ცალკე ელექტროობას, შადრევანს, ხდება სხვადასხვა ეტაპის ჩაბარება, რომელიც განსაზღვრულია სატენდერო შესყიდვით. შესაბამის ეტაპს მოჰყვება შესაბამისი დასკვნა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით და მოვითხოვეთ „ა“ კატეგორიის ექსპერტის დასკვნა. შეგიძლაით, ნახოთ spa.ge-ზე და მოძებნოთ კასკადის პროექტის ტენდერი. ასევე დასკვნა, რომელიც 500 გვერდზე მეტია. იქ ყველა კომპონენტია, როგორც ქსელების, ასევე კაბელების“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
0
0