07/10/2021
17:35
სამხედრო
როგორც თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ნატო-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
უწყების ცნობით, ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.
საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
0
0