05/06/2024
16:48
კულტურა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მხატვრის, ფერწერის დიდოსტატის, ილია პატაშურის, გარდაცვალების გამო1960-იანი წლების ცნობილი ხელოვანის, ილია პატაშურის, შემოქმედება ფერისა და ფორმის განსაკუთრებული თანხვედრით გამოირჩევა.
ილია პატაშური 1939 წელს სოფელ ხევშაში დაიბადა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ მთას. მხატვრის შემოქმედება მრავალფეროვანია - ერთმანეთს ენაცვლება ტრადიციული, ისტორიული და ყოფითი სცენები, პეიზაჟი, პორტრეტი თუ ნატურმორტი. მისი ნამუშევრები შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით. ილია პატაშურის განსაკუთრებით ცნობილ ფერწერულ ტილოებს შორის არის: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვა. იყო არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოფენის მონაწილე. მისი ტილოები გამოიფინა საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-სა და იაპონიაში.1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა ილია პატაშურის ნამუშევრების რეტროსპექტულ გამოფენას - „ფხოვის ზარები“. ერთი თვის მანძილზე გალერეაში წარმოდგენილი იყო მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენისთვის მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგიც. გამოფენის დახურვისას მხატვარმა სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 10 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ილია პატაშურის ხსოვნას, ქართული კულტურის წინაშე მის დამსახურებას და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს.
0
0