16/10/2024
14:28
პოლიტიკა
როგორც სუს-ის წინა კრებსების გამოქვეყნებისას ვფიქრობდი, რომ ინიციატორი თავად სუს-ში იყო, ახლაც მთავარი გამომჟონავი თუ საჯაროდ გამომდები სუს-ის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელი იქნება - სუს-ის ჩანაწერები ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს! - ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია.
ხვიჩიას თქმით, ჩანაწერების გამოქვეყნებას მხოლოდ წინასაარჩევნო მიზანი შეიძლება ჰქონდეს.
„როდესაც სუს-ის კრებსები გამოქვეყნდა, მიზანი ეკლესიის დაშინების მცდელობა იყო, რაც მის ავტორებს შეიძლება გამოუვიდა კიდეც. როცა რაღაცას იღებ და მერე ვერ უვლი, ეს პრობლემაა.
„ქართული ოცნება“ ფეიკ რევოლუციის სცენარს დგამს, რომ ვითომ რევოლუციას უწყობენ. სინამდვილეში ორგანიზატორი მისი ხალხი იქნება. მერე ვითომ რევოლუცია არ გამოვა, „ქართული ოცნება“ ამ გარემოებას დასძლევს და ვიღაცას დააბრალებენ, რომ რევოლუციას გვიწყობდნენ - ამით გაამართლებენ ახალი ტიპის შეზღუდვების დაწესებას.
ეს მგონია უფრო ზუსტი, ვიდრე ის, რომ სუს-ის ჩანაწერებმა გარეთ სუს-ის გარეშე გამოჟონა.
წინანდელი გამოცდილება გვეუბნება, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე გარეთ არ ჟონავს. ეს ჟონავს მაშინ, როცა სისტემას უნდა, რომ გამოჟონოს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, საპარლამენტო არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების“ გავრცელება იგეგმება.
სუს-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.
სუს-ის განცხადებით, „ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება“, მიზანი კი არის „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.
0
0