22/07/2023
20:58
სპორტი
იტალიის ქალაქ მილანში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ფარიკაობაში. ტურნირის პირველ დღეს მოასპარეზე საქართველოს ნაკრების შვიდი წევრიდან მედლებისთვის ბრძოლას სამი განაგრძობს.
მაია გუჩმაზოვამ ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და პირდაპირ ძირითად ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მოგვიანებით, მას ანასტასია სპასიც შეუერთდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ორი რთული ბრძოლა მოიგო.
T64-ში საქართველოს ნაკრების წევრებს, სამხრეთ კორეელებთან მოუწევთ დაპირისპირება – ორივე შეხვედრა 25 ივლისს გაიმართება. მაიას მეტოქე 28 წლის, რეიტინგის 44-ე ნომერი ჰაიენ ლი იქნება, ხოლო ანასტასია მსოფლიოს მე-13 ნომერს, 38 წლის, იანგ მი კანგს შეხვდება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოფარიკაობაში წინასწარი ეტაპი მხოლოდ ბექა ბაზაძემ გადალახა. იგი 25 ივლისს, T64-ში სამგზის ოლიმპიურ და მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, რეიტინგის მეორე ნომერს, 33 წლის არონ სილაგის დაუპირისპირდება.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სანდრო ბაზაძე 25 ივლისს გერმანელ რაულ ბონაჰს შეხვდება.
0
0