23/06/2022
12:16
მსოფლიო
ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. განსაკუთრებით მოხარული ვარ უკრაინის განაცხადის შესახებ კანდიდატის სტატუსზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ირლანდიაში კარგად ესმით, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა.
„ჩვენ ირლანდიაში ვიცით, თუ რას ნიშნავს ევროკავშირი, ევროკავშირის წევრობა. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება იყო ყველაზე გარდამტეხი გადაწყვეტილება და მოვლენა, რომელიც ირლანდიის თანამედროვე ისტორიაში მოხდა. ასე რომ, მე ყოველთვის ვერ ვხვდები იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ სხვა ქვეყნების გაწევრიანებაზე, რადგან ვიცით, რომ წევრობა თავად შესაძლოა, იყოს გარდამტეხი“, – განაცხადა მაიკლ მარტინმა.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. სამიტი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებთან შეხვედრით დაიწყება, რომლებიც ასევე მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ.
0
0