10/02/2022
13:01
სამხედრო
მისი თქმით, თავდაცვის ძალებში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ნებისმიერი მსურველი პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურედ ჩამოყალიბდეს.
„თავდაცვის ძალები არის დიდი ოჯახი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახური არის რთული და გამოწვევებით აღსავსე, არ არის იმაზე საპატიო საქმე, დაიცვა და ემსახურო შენს ქვეყანას. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სამსახური,“ - განაცხადა გენერალმა
ტატუნაშვილმა. მისი განმარტებით, უწყებაში იქმნება მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობები, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები.
„4-წლიანი კონტრაქტის პირობებში, ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს ვთავაზობთ ისეთი კარიერული და პროფესიული უნარების შესწავლას და ათვისებას, რომელიც მათ გამოადგებათ არა მარტო სამხედრო სამსახურის პერიოდში, არამედ თადარიგში გასვლის შემთხვევაში, ისინი იქნებიან ბევრად კონკურენტუნარიანი სამოქალაქო სექტორში. ჩვენ მათ ვთავაზობთ უცხო ენების შესწავლას როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა საკარიერო და პროფესიული კურსების გავლას. შესაბამისად, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, პირველი 4 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ თუ გააგრძელებენ სამსახურს, ყოველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ მიეცემათ 7000 ლარიანი ბონუსი, რომლის გაზრდა იგეგმება მიმდინარე წელს,“ - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ.
ბრიგადის გენერალმა ბრიფინგზე იმ პირობებზეც ისაუბრა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო რეკრუტებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში ჩარიცხვის შემდეგ სთავაზობს.
„ჩვენ მათ ვთავაზობთ შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც გაიზარდა მიმდინარე წელს 20%-ით დაბალი სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვის, ხოლო 10% მაღალი სამხედრო წოდების მქონე სამხედროებისთვის. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში, როგორც მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს, საშუალება ექნებათ სახელმწიფოს 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლონ. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, მიიღონ 750 ლარიანი სტიპენდია სემესტრულად. ოთხი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში მათ ეძლევათ დამატებით სახელფასო ანაზღაურება, შვილის შეძენის დროს 1000 ლარიანი ბონუსი. აქვთ, საუკეთესო სადაზღვევო პაკეტი, საუკეთესო კვება, ინფრასტრუქტურა, ნატოს სტანდარტის შეიარაღება და აღჭურვილობა, სპორტული დარბაზები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროების ფიზიკურად და მორალურად ძლიერად ყოფნისთვის. რაც შეეხება საბინაო პოლიტიკას, გარკვეული სამსახურის შემდგომ, სერჟანტთა შემადგენლობას, მასტერ სერჟანტის და მაღალი წოდების მქონე პირებს საშუალება აქვთ 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღონ საცხოვრებელი ბინა. ასევე, ოფიცერთა შემადგენლობას, მაიორის და მაღალი წოდების მქონეებს შეუძლიათ, მიიღონ 50%-იანი თანადაფინანსებით საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა“, - აღნიშნა მან.
0
0