01/10/2024
11:24
მსოფლიო
ამერიკელი რეპერი შონ ,,დიდი” ქომბსი აპროტესტებს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას მის მიმართ პატიმრობის შეფარდების შესახებ.
რეპერის ადვოკატებმა აშშ-ის მე-2 საოლქო სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ენდრიუ ელ კარტერისგან გადაწყვეტილების გაუქმებასა და ქომბსის გათავისუფლებას მოითხოვენ.
მოსამართლე კარტერმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი, რომელიც მომღერალს ფლორიდაში მდებარე საკუთარ სასახლეში სასჯელის შინაპატიმრობის პირობებში აღსრულების საშუალებას მისცემს, რაც ასევე ითვალისწინებს GPS მონიტორინგსა და სასახლეში ვიზიტორებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას.
მოსამართლის განცხადებით, წინადადება, რომელიც $50 მილიონის ოდენობის გირაოს გადახდას ეხება, „არასაკმარისია“ საზოგადოების უსაფრთხოებისა და ქომბსის საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად.
ქომბსის ადვოკატმა მარკ აგნიფილომ ასევე მოითხოვა მისი გადაყვანა ბრუკლინის ციხიდან, რომელიც ცნობილია უმკაცრესი პირობებით. მოგვიანებით, მარკ აგნიფილომ აღნიშნული მოთხოვნა გააუქმა.
ქომბსი, ამჟამად, ნიუ ჯერსიში, ბრუკლინის ფედერალურ ციხეში იმყოფება. ის სექსუალურ ტრეფიკინგში, სექსუალურ ძალადობაში და რეკეტშია ბრალდებული. რეპერი, სექსუალური ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე 9 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.
0
0