24/11/2024
12:50
მსოფლიო
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას გამართავს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები სანკტ-პეტერბურგში 25 ნოემბერს გაიმართება.
პარლიკოვი აცხადებს, რომ „მგრძნობიარე მომენტია, როდესაც ვიზიტი რუსეთში, აგრესორ ქვეყანაში მოხდება“.
„მაგრამ ასეთია ჩვენი ვარიანტები: ან მიდიხარ და განიხილავ, ან არ მიდიხარ და არ განიხილავ. თუ არ განიხილავ, ჩემი აზრით, კარგავ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას“, – განაცხადა პარლიკოვმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია „გაზპრომისგან“ სიცხადის მიღწევა დნესტრისპირეთის რეგიონში გაზის მიწოდების საკითხზე.
„ჩვენ შევადგინეთ 12 სხვადასხვა სცენარი, თუ რა მოხდება ამა თუ იმ შემთხვევაში. ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ სცენარსაც კი, რომელშიც დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული გაზის ტრანზიტი და მიწოდება შეწყდება, თუმცა ეს არ არის საუკეთესო სცენარი“, – თქვა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.
პარლიკოვმა აღნიშნა, რომ კიშინეუ შეშფოთებულია 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობით.
„ყველამ იცის, რომ დნესტრისპირეთის რეგიონი სრულად არის დამოკიდებული ამ გაზზე. თუ არ იქნება ეს დე ფაქტო უფასო მიწოდება, რეგიონი ვერ იფუნქციონირებს, იქ კი ჩვენი მოქალაქეები არიან. ასევე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსი, სადაც არის შეიარაღება, რუსული არმია და საბრძოლო მასალები, ქმნის გაცილებით დიდ რისკებს უსაფრთხოებისთვის რეგიონულ დონეზე“, – განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.
შესაბამისად, მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში „დაინტერესებულები არიან და მხარს უჭერენ დნესტრისპირეთის რეგიონში გაზის მიწოდების შენარჩუნებას, სულ მცირე, ამ პერიოდში, რომ შენარჩუნდეს სიმშვიდე“.
„არავის სურს სიტუაციის დესტაბილიზაცია“, – განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოლდოვის დელეგაცია მოლაპარაკებებზე აპირებს, „გაიგოს, შეასრულებს თუ არა „გაზპრომი“ თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს დნესტრისპირეთის რეგიონში გაზის მიწოდების თაობაზე, თუნდაც არ იყოს ტრანზიტი უკრაინის გავლით“.
როგორც ცნობილია, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოლდოვამ უარი თქვა რუსულ გაზზე და მას ევროპულ ბაზარზე ყიდულობს. მაგრამ „გაზპრომი“ აგრძელებს გაზის მიწოდებას დნესტრისპირეთში, რომელიც მოლდოვას ელექტროენერგიის დიდი ნაწილით უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, 21 ნოემბერს, პარლიკოვის სანკტ-პეტერბურგში ვიზიტის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა ისაუბრა. მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრი გაემგზავრება Moldovagaz-ის დროებითი ხელმძღვანელისა და კომპანიის ახალი დირექტორის თანხლებით, რომელიც კონკურსის შედეგების მიხედვით დაინიშნება.
„გაზის ტრანზიტი დნესტრისპირეთის რეგიონისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან იქაც მოლდოვის მოქალაქეები ცხოვრობენ და ჩვენც გარკვეულწილად ვართ პასუხისმგებელნი მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე. გარდა ამისა, ჩვენი ელექტროენერგიის ტარიფები ამჟამინდელ დაბალ დონეზე ნარჩუნდება დნესტრისპირეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის წყალობით. ჩვენ ვგეგმავთ, ტრანზიტის უზრუნველყოფის საკითხის განხილვას. ეს მიწოდებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის“, – ხაზი გაუსვა რეჩანმა და აღნიშნა, რომ „უკრაინა არ არის დნესტრისპირეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ერთადერთი გზა“.
0
0