20/10/2024
11:58
მსოფლიო
დღეს, 20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფერენდუმი იმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ, რომელიც მეორე ვადისთვის იბრძვის და მისი მთავარი ოპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ევროინტეგრაციის საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის მოლდოვაში გაიხსნა 1988 საარჩევნო უბანი (მათ შორის 30 მარცხენა სანაპიროს მცხოვრებთათვის) და 231 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ 36 ქვეყანაში. ხმის მიცემა ყველა საარჩევნო უბანზე ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და ინციდენტის გარეშე მიმდინარეობს.
ამ არჩევნებზე 2.7 მილიონზე მეტ ამომრჩეველს ელოდებიან, რომელთათვისაც დაახლოებით 6 მილიონი ბიულეტენია დაბეჭდილი.
ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 40 ათასამდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც ხმის მიცემის უფლება პირველად მოიპოვეს.
უბანზე ორი ბიულეტენი გაიცემა: ნაცრისფერი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა სიით და იისფერი რეფერენდუმისთვის.
რეფერენდუმის ბიულეტენი შეიცავს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ტექსტს და კითხვას: "ემხრობით თუ არა კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" ბიულეტენზე პასუხის ორი ვარიანტია: "დიახ" და "არა". ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა მათი არჩევანის ქვემოთ მოცემულ წრეში შტამპის განთავსებით.
0
0