23/10/2024
13:15
მსოფლიო
მოლდოვაში პოლიციის გენერალური ინსპექცია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის და რეფერენდუმის დროს ამომრჩეველთა მოსყიდვის 400-ზე მეტ შემთხვევას იძიებს. წერს NewsMaker ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილთა უმეტესობა გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ხმების გაყიდვაში ეჭვმიტანილებს 37,5 ათასი ლეის (ორი ათას დოლარზე მეტი) ჯარიმა ემუქრებათ.
კანონის მიხედვით, პირები, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, ჯარიმისგან გათავისუფლდებიან, დასძინეს სამართალდამცველებმა.
საარჩევნო უბნების 99,64%-ის დამუშავების შემდეგ, მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,37% მიიღო, ხოლო მოლდოვის სოციალისტების პრორუსული პარტიის კანდიდატმა ალექსანდრე სტოიანოგლომ 26,02%. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდება.
მოლდოვაში ასევე ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კონსტიტიციაში ჩანაწერის გაჩენის თაობაზე. გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერებმა 13 596 ხმით გაიმარჯვეს.
სანდუს თქმით, პროცესი წარიმართა უპრეცედენტო ჩარევის ფონზე.
0
0