18/11/2024
11:38
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს - იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამას შევეგუებით, შეიძლება არასდროს აღარ გვქონდეს მომავალში თავისუფალი არჩევნები, - ამის შესახებ კავშირი „საფარის" ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი.
როგორც პატარაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ხალხმა პროტესტი სხვადასხვა ფორმით უნდა გააგრძელოს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
„რეალურად, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. არჩევნების პატარა გაყალბებას საქართველო მიჩვეულია, მაგრამ მთლიანად შედეგებზე ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა და ეს სხვა საფრთხესაც ქმნის. ეს საფრთხეს ქმნის, რომ შეიძლება არასოდეს აღარ იყოს საქართველოში არჩევნები, რომელიც რეალურად ქვეყნის ბედს გადაწყვეტს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტოტალური გაყალბების შემთხვევაში შედეგები გაუქმდეს და ხელახლა დაინიშნოს არჩევნები.
პროტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მე მომწონს, რომ დღეს განსხვავებული ფორმის პროტესტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამას შევეგუებით, შეიძლება არასდროს აღარ გვქონდეს მომავალში თავისუფალი არჩევნები”, - განაცხადა პატარაიამ.
0
0