24/06/2024
09:49
სამართალი
22 მაისს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი - მარიამ სოფრომაძე და ინგა ბეგაშვილი მოკლა. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი და სიდედრი 9 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა.
გიორგი ფირაშვილი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ადგილიდან არ მიმალულა, ის დაკავებულია და გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"კურიერი P.S.-მა" მკვლელობის შემდეგ ფირაშვილის 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი მოიპოვა. ირკვევა, რომ ბრალდებულმა საუბრისას აღიარა, რომ მკვლელი თავად იყო.
"გამარჯობა, მერიასთან ორი გვამია... მკვლელი მე ვარ. გიორგი ფირაშვილი ვარ. ჩემი მეუღლე, ბავშვი და სიდედრი საავადმყოფოში მიდიოდნენ და ცოლი და სიდედრი დავხოცე" - ამბობს ზარის დროს ბრალდებული.
ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენამდე გიორგი ფირაშვილი მეუღლესთან და სიდედრთან ერთად კლინიკაში თავადაც იყო მისული, რადგან შვილისთვის კვლევები ჩაეტარებინათ. ასევე ტელეკომპანია ავრცელებს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც, რომელიც კლინიკაში, მარიამ სოფრომაძის, ინგა ბეგაშვილის და გიორგი ფირაშვილის მისვლას ასახავს.
"საავადმყოფოს შენობა დატოვეს გიორგი ფირაშვილმა და მარიამ სოფრომაძემ, რა დროსაც სავარაუდოდ მათ შორის მოხდა შელაპარაკება. ამის შემდეგ მარიამი მარტო შებრუნდა კლინიკაში, ფირაშვილი მათ გარეთ ელოდებოდა გასვლას, რომ მათზე თავდასხმისთვის ხელსაყრელი დრო შეერჩია. დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით, რაც ნიშნავს, რომ მარიამ სოფრომაძეს გიორგი ფირაშვილი პირად საკუთრებად განიხილავდა. ქალბატონს სურდა მშობლიურ ოჯახში და კავშირი გაეწყვიტა მეუღლესთან. გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო მეუღლის მხრიდან" - ამბობს საქმის პროკურორი.
მოკლული მარიამ სოფრომაძის უახლოესი ნათესავების გარდა, ძალადობის ფაქტებს ადასტურებს მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ფირაშვილის დედა. ქეთევან სუჯაშვილი ჩვენებაში ამბობს:
"ვფიქრობ, რომ გიორგი მამის გავლენისგან ვერ გათავისუფლდა და მკვლელობისკენ ამან უბიძგა, გიორგის სულ ეუბნებოდა ცოლს დაშორებოდა. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ მარიამისთვის გიორგის უთქვამს, რომ იურიდიულად ბავშვი ჩვენ გვეკუთვნისო. ვფიქრობ, რომ მამის დიქტატორულმა ქცევამ უბიძგა გიორგის მოეკლა, ცოლი და სიდედრი".
მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს ამჟამად ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ. საქმის განხილვა რუსთავის სასამართლოში რამდენიმე კვირაში დაიწყება.
0
0