26/06/2023
14:32
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფურ ბოლო მატჩს ხვალ, 27 ივნისს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე ნიდერლანდებთან გამართავს.
მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს დღეს, რამაზ სვანაძემ და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს.
“რთულ თამაშს ველოდებით. ერთი, მაგრამ ყველაზე რთული ნაბიჯი დაგვრჩა იმ ოცნების, მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში თამაში ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ”, ამის შესახებ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფსიქოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზეა.
"ამ ურთულეს ჯგუფში ნებისმიერი თამაში ფინალის ტოლფასია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ჩვენი გუნდის მიზანი, რაზეც ვამბობდით, რომ ეს თითოეულ თამაშზე სწორი შემართებით გასვლა იყო. რეალურად, ძალიან რთულია ამ ჯგუფში, ასეთი დონის მეტოქეებთან წინასწარ დაგეგმო ქულები. თუმცა, დღეს აქ ვართ და ორი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ამიტომ, ჩვენი სურვილია, ლოგიკურად დავასრულოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენი თამაშით დავიმსახურეთ.
გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს და ეს არ არსი გადაჭარბებული სიტყვები. მოედანზე გასვლისას ნებისმიერი სახის დაღლილობა იხსნება და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ხალხი არ გავაწბილოთ. ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის," განაცხადა სვანაძემ.
ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა გიორგი გულიაშვილმაც.
“ახლოს ვართ ჩვენ მიზანთან. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულს მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია. ის ემოციები, რაც მივიღეთ გასულ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი იყო. მეც და გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად არის 90 წუთის სათამაშოდ. გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ” აღნიშნა გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველო 4 ქულით ლიდერობს. მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც გვყოფნის.
0
0