05/10/2021
12:57
სამართალი
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა.
ადვოკატის თქმით, თუკი, სასამართლო გადაწყვეტდა, რომ აღნიშნული თანხა, ვერ უზრუნველყოფდა საფრთხეებს, თავად ადვოკატი იყო მზად, საკუთარი ქონებით უზუნველეყო გირაოს თანხა, ქონება კი 100 000 ლარზე ნაკლებს არ შეადგენს.
პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა - შალვა და ზურაბ წოწორიებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში.
პროკურორი დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა, რის გამოც, მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.
დაკავებულების ადვოკატის გიორგი გოგინავას განცხადებით, წოწორიების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.
ადვოკატის თქმით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, დაკავებულების მხრიდან სამართლებრივი ორგანოების მიმართ ხელისშეშლა რაში გამოიხატა.
გოგინავას განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყების დადგენილება და მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა წიწორიების პატიმრობას. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ განეკუთვნებიან, თუმცა, მათ მიმართ უკანონო დევნა ხდება პოლიტიკური მოტივით.
სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებილებიც, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.
0
0