15/08/2024
11:32
სპორტი
გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი „მეცი“ ლიონის „ოლიმპიკს“ უჩივის, – ინფორმაციას Lequipe-ი ავრცელებს.
„საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის იურიდიულ კომისიას „მეცმა“ თავისი უფლებების დასაცავად მიმართა, რადგან გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში ლიონის „ოლიმპიკს“ შეთანხმებული თანხის ნაწილი ჯერ არ გადაუხდია.
კლუბებმა ტრანსფერზე მოილაპარაკეს პირველ აგვისტოს, რომლის მიხედვითაც, ლიონის „ოლიმპიკი“ გარიგების თანხის პირველ ნაწილს, 8 მილიონი ევროს „მეცს“ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაუხდიდა.
საბოლოოდ, ასე არ მოხდა – ლიონის „ოლიმპიკმა“ ამ ეტაპზე „მეცს“ მხოლოდ 3 მილიონი ევრო გადაურიცხა. ეს თანხაც გიორგის ყოფილმა კლუბმა დაგვიანებით, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მიიღო.
ლიონის „ოლიმპიკის“ პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი საბაბად ასახელებს იმას, რომ სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ჯერ გუნდმა ბონუსების მცირე ნაწილი მიიღო და „მეცს“ მოთმინებისკენ მოუწოდებს.
თუმცა „მეცი“ დაუკავშირდა საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის იურიდიულ კომისიას, რათა თავისი უფლებები დაიცვას და ვითარება მოაგვაროს“, – ამტკიცებს Lequipe-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი, მთლიანობაში, 18.5 მილიონი ევროა. ამას დაემატება ბონუსი ქართველი ფეხბურთელის შემდეგი ტრანსფერიდან.
0
0