13/05/2023
23:55
სპორტი
საფრანგეთის ლიგა 2-ში „მეცმა“ „გრენობლს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველმა თავდამსხმელმა ჩინებულად ჩაატარა – მიქაუტაძემ ზედიზედ ხუთ მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა.
47-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე ეფექტურად გასცდა მცველს, საჯარიმოში კიდევ ერთი მეტოქე ჩამოიცილა და კარის წინ ბურთი ჯალოუს გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით „მეცი“ დააწინაურა 1:0.
72-ე წუთზე ბურთისთვის ბრძოლაში მიქაუტაძემ მეტოქეს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ „გრენობლის“ მცველმა, ლოიკ ნესტორმა წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
კაცნაკლულ „გრენობლთან“ „მეცმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 1:0 მოიგო – ქართველის გუნდმა ლიგა 2-ში გამართული 35 ტურის შემდეგ 65 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ზურიკო დავითაშვილის „ბორდოსთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.
გიორქი მიქაუტაძემ კი მიმდინარე სეზონში 22 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ლიგის ბომბარდირებში ლიდერობს, ასისტენტებში კი მეორე ადგილზეა.
0
0