18/05/2023
00:58
სპორტი
გიორგი მიქაუტაძე რეკორდს აუმჯობესებს – „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში გიორგის გუნდმა, „მეცმა“ შინ „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძეს გოლი არ გაუტანია, ის მატჩის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რადგან მთავარი ამბები სწორედ მას უკავშირდება.
48-ე წუთზე გიორგი მარცხენა ფლანგზე ეფექტურად გასცდა მცველს და საჯარიმოსთან მისულმა შეტევა აბლი ჯალოუს გაუგრძელა, რომელიც ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ხოლო მატჩს 72-ე წუთზე მიქაუტაძესთან წესის დარღვევისთვის „გრენობლის“ მცველი ლოიკ ნესტორი მოედნიდან გააძევეს და „მეცმა“ კაცნაკლულ მეტოქესთან მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, სულ კი რჩეულ თერთმეტეულში მერვედ დაასახელეს, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
ამავე დროს, „მეცის“ ქართველ ფორვარდს აქვს შანსი, სეზონი ე.წ ორმაგი დუბლით დაასრულოს – 22 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის უპირველესი კანდიდატია, ხოლო რვა საგოლე გადაცემით ასისტენტებში მეორე პოზიციაზეა.
0
0