16/01/2025
18:53
პოლიტიკა
მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მისი მინისტრად დანიშვნა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
„მოგესალმებით ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, ძვირფასო კოლეგებო, პრესის წარმომადგენლებო. პირველ რიგში, მინდა, მივესალმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩემს ძვირფას კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს და ქართულ დელეგაციას. ქალბატონ მინისტრს, მინდა, მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მისი მაღალი რანგის მინისტრად დანიშვნა. წარმატებებს ვუსურვებ თავის საქმიანობაში. ჩემს ძვირფას კოლეგასთან ერთად, წინა თვეს მალტაში, საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გვქონდა შეხვედრა. მისთვის ეს პირველი საგარეო ვიზიტია, რაც ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების, პარტნიორობის მაღალი დონის მაჩვენებელია. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ისტორიული კავშირები, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ურთიერთობებს 35-წლიანი თარიღი აქვს და ჩვენი ურთიერთობები სახელმწიფოებრიობის, ტრადიციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული. არც აზერბაიჯანისთვის, არც საქართველოსთვის არ იყო მარტივი პერიოდები. რთული პერიოდები გვქონდა, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოები. ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველთვის გვქონდა კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები, პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზეა. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის არსებული რეგულარული შეხვედრები, მუდმივი დიალოგი, ესეც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი
0
0