22/04/2024
14:55
ეკონომიკა
მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული 435 ათას ლარიანი კონკურსი დასრულდა. 18 პრეტენდენტს შორის, გამარჯვებული კომპანია Green Studio-ა.
ახალი აეროპორტის პროექტზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.
"მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში“, - აღნიშნა პრემიერმა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.
ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება.
კომპანია Green Studio-ს წილის 100%-ს სულხან სულხანიშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც. კომპანიას აქამდე 254.1 მლნ ლარის 48 ტენდერი აქვს მოგებული.
სულხანიშვილს პოლიტიკური შეწირულობა მხოლოდ ერთხელ 2012 წელს აქვს გაღებული "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, 400 ლარი.
bm.ge
0
0