17/01/2024
16:46
ეკონომიკა
მერია წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიების შავ სიაში შეყვანას ითხოვს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მერია მიმართავს შესყიდვების სააგენტოს, რომ კომპანიები „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და "ერ ტე დე“, რომლებსაც წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება გაუწყვიტეს, შავ სიაში შეიყვანოს.
„კომპანიებისგან, რომლებთანაც ხელშეკრულებები გაწყდა, პირველ რიგში, მოხდება ჯარიმის თანხის გამოთხოვა. გარდა ამისა, ორივე კომპანიას ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები, გარანტიების გამოთხოვა მოხდება ბანკიდან და პარალელურად შესყიდვების სააგენტოს წარედგინება მიმართვა, რომ ეს კომპანიები შევიდნენ „შავ სიაში“,“ - განაცხადა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ 15 იანვარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანიას ხელშეკრულებები შეუწყვიტა. საქმე ეხება კომპანიებს - „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ და "ერ ტე დეს". მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. აღნიშნულ სამუშაოებზე 17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვა 15 იანვარსვე გამოცხადდა. უკვე 17 იანვარს წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთვის თბილისის მერიამ 4 კომპანიასთან - „ჯეუ გრუპი“, „ენკო“, „პარმა“ და „ბლექ სი გრუპი“ - ხელშეკრულება გააფორმა. როგორც მერიაში აცხადებენ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს ორმხრივად აღდგება.
0
0