23/08/2023
13:08
კონფლიქტები
მოსკოვს თბილისიდან პასუხობენ, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, კატეგორიულად მიუღებელია. მმართველ გუნდში მედვედევს ურჩევენ მეტი დრო დაუთმოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ფიქრს.
"ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ ჩვენს ხალხს და ტერიტორიებს, ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი დების მიმართ, და ამ მიდგომას ვერც ოკუპანტი ქვეყნიდან გაკეთებული ვერანაირი განცხადება და ვერც სხვა ნებისმიერი ფაქტორი ვერასდროს ვერ შეცვლის.
რაც შეეხება ბატონ მედვედევს, მას ვურჩევდი უფრო მეტი დრო დაუთმოს სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ფიქრს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს მედვედევის განცხადებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს.
"ნებისმიერი განცხადება და ქმედება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან რასაკვირველია ეს არის კატეგორიულად მიუღებელიც და არალეგიტიმურიც. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.
ჩვენ ვიცით არსებული ვითარება და კონტექსტი, და საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც ამ მიმართულებით. საქართველო ვერც ერთ შემთხვევაში და ვერასდროს შეურიგდება მისი ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.
0
0