24/11/2024
11:09
სპორტი
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა თანამედროვე ფეხბურთის შესახებ ილაპარაკა.
„ჩემმა წინამორბედმა, ჟოაო აველანჟმა სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მითხრა, რომ მე მონსტრი შევქმენი. იმ ტურნირზე ფიფა-მ რეალურად პირველი ნამდვილი ფული გამოიმუშავა.
და ის მართალი იყო. მე მართლაც მონსტრი შევქმენი. ფიფა იყო ღარიბი, როცა 1975 წელს მე იქ მუშაობა დავიწყე განვითარების პროგრამების დირექტორის რანგში. სპონსორები, ისეთი, როგორიცაა adidas-ი, ფულს არ იხდიდნენ, უბრალოდ, ბურთებსა და მაისურებს გვჩუქნიდნენ. პირველი სპონსორული გარიგება, რომელმაც მართლა მოიტანა ფული, იყო Coca Cola-სთან 1976 წელს.
შემდეგ გაჩნდა საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელმაც რეკლამის ნება დაგვრთო. ფეხბურთი სუპერპროდუქტი გახდა ტელევიზიისთვის, სუპერშოუ, რომელიც შეიძლებოდა, გაყიდულიყო დიდ თანხად. მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი, რომელმაც რეალური ფული მოიტანა, 2010 წლის ტურნირი გახდა სამხრეთ აფრიკაში.
როცა ინფანტინო 2016 წელს პრეზიდენტი გახდა, ის მდიდარ ორგანიზაციაში აღმოჩნდა. ფულის მანქანა მუშაობდა და ახლა კიდევ უფრო მძლავრად მოქმედებს.
ჩვენ ფეხბურთის გაყიდვის მომსწრენი ვართ. აიღეთ უეფა. ოდესღაც არსებობდა ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი. ახლა არის ჩემპიონთა ლიგა 36 გუნდით, ევროპის ლიგა 36 გუნდით და კონფერენციის ლიგა 36 გუნდით. და კიდევ ერთა ლიგა.
მსოფლიოს შემდეგ ჩემპიონატზე, 2026 წელს უკვე 48 მონაწილე იქნება, რაც ფიფას ყველა წევრი ქვეყნის თითქმის მეოთხედია. 2025 წელს გაიმართება კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდის მონაწილეობით.
ყველა ტაშს უკრავს, რადგან ფული ბევრია. მაგრამ ეს გადატვირთულობა ფეხბურთის მიმართ ინტერესის დაკარგვას იწვევს. საკუთარ თავზე ვამჩნევ ამას“, – მოჰყავს ბლატერის სიტყვები გამოცემა Watson-ს.
0
0