02/08/2024
21:48
სამართალი
მძიმე დანაშაული კასპის რაიონის სოფელ ეზატში - 70 წლის ჟუჟუნა ოთიაშვილს სხეულზე დაზიანებები ახლაც ეტყობა. რამდენიმე დღის წინ მას სასტიკად სცემეს. შემთხვევა მეზობლის სახლში მოხდა, სადაც ქალი მოხუცის მომვლელად მუშაობდა. პენსიონერს სახლის მეპატრონე ჯერ ხელ-ფეხით, შემდეგ კი ბლაგვი საგნით გაუსწორდა. დამსაქმებელი საკუთარ მეზობელს ოთხი წლის განმავლობაში გადახდილი ხელფასის უკან დაბრუნებას სთხოვდა, მიზეზად კი არასათანადოდ მუშაობას ასახელებდა.
მოძალადემ მსხვერპლს შეურაცხმყოფელი ვიდეოც გადაუღო. ჩანაწერში ჟუჟუნა ოთიაშვილი იძულებით აღიარებს, რომ თითქოს ის დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევდა.
მომხდარის შესახებ პოლიციას, სავარაუდოდ, ადგილობრივებმა აცნობეს. ძალადობის, გამოძალვისა და იძულების ბრალდებით სამართალდამცველებმა დამსაქმებელი, 63 წლის ნაირა ჩიტაშვილი დააკავეს.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლი "კურიერს" დაკეტილი დახვდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაკავებული ნაირა ჩიტაშვილი დამხმარე ქალს არაადამიანურ პირობებში ამყოფებდა. ადგილობრივებმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს. სოფელში ჰყვებიან იმასაც, რომ დაკავებულმა მეზობლებს მუქარის შემცველი შეტყობინება გამოუგზავნა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მთელ უბანს გადაწვით დაემუქრა.
გორის რაიონულმა სასამართლომ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ 63 წლის ნაირა ჩიტაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0