26/11/2024
14:20
მსოფლიო
ე.წ. მინი მთვარე, რომელიც დედამიწის ორბიტის გარშემო ორი თვის განმავლობაში ტრიალებს, მალე გაქრება. უვნებელი კოსმოსური კლდოვანი ქანი, რომელიც მეცნიერთა თქმით, შესაძლოა რეალურ მთვარეს მოწყვეტილი ლოდი იყოს, პირველად აგვისტოში შენიშნეს.
2024 PT5-ის სახელით ცნობილმა კლდოვანმა ქანმა, ცხენის ნალის ფორმის ტრაექტორიით, დედამიწის გარშემო ნაწილობრივ მოძრაობა სექტემბერში დაიწყო, თუმცა NASA-მ განმარტა, რომ ის სრულად არასდროს შემოსულა დედამიწის ორბიტაზე.
მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ძმებმა, რაულ და კარლოს დე ლა ფუენტე მარკოსებმა პირველად აღმოაჩინეს ასტეროიდის "მინი მთვარის ქცევა". მოსალოდნელია, რომ ის 26 ნოემბერს უკვე დაშორდება დედამიწას, რადგან მას მზის გრავიტაციის უფრო ძლიერი წევის ძალა გადალახავს. მინი მთვარე დედამიწის ორბიტაზე 2055 წლამდე აღარ გამოჩნდება.
„შემდეგი „ვიზიტის“ დროს, დაახლოებით 30 წლის შემდეგ, მზის წრეში მოძრავი ასტეროიდი დედამიწის გარშემო, კიდევ ერთხელ, დროებით და ნაწილობრივ იმოძრავებს. უკან დაბრუნებისას, მინი მთვარე გაორმაგებული სიჩქარით იტრიალებს,“ - თქვა მარკოსმა.
კლდოვანი ქანი 3,5 მილიონი კმ-ზე მეტით არის დაშორებული დედამიწიდან. ძმები მარკოსები ასტეროიდს კანარის კუნძულებიდან მძლავრი ტელესკოპით დააკვირდნენ. NASA-ს განცხადებით, ასტროფიზიკოსები ასტეროიდს კალიფორნიის მოჰავეს უდაბნოდან ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გოლდსტოუნის მზის სისტემის რადარის ანტენით დააკვირდებიან იანვარში, როდესაც მისი ხანმოკლე ხელახალი გამოჩენაა მოსალოდნელი.
0
0