15/02/2022
10:57
მსოფლიო
იორკის უნივერსიტეტის კვლევაში აღნიშნულია, რომ პარაცეტამოლით, ნიკოტინით, კოფეინით და ეპილეფსიისა და დიაბეტის სამკურნალო საშუალებებით ყველაზე მეტად დაბინძურებულია მდინარეები პაკისტანში, ბოლივიასა და ეთიოპიაში. მდინარეებში მოხვედრილი მრავალი ყველაზე გავრცელებული ფარმაცევტული ნაერთების უარყოფითი გავლენა ჯერ კიდევ დეტალურად ცნობილი არ არის. თუმცა უკვე ჯეროვნად არის დასაბუთებული, რომ დაშლილ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თევზის განვითარებასა და გამრავლებაზე და მეცნიერები შიშობენ, რომ მდინარეებში ანტიბიოტიკების გაზრდილმა არსებობამ შეიძლება შეზღუდოს მათი, როგორც მედიკამენტების, ეფექტურობა.
კვლევისას, 100-ზე მეტი ქვეყანაში, 1000-ზე მეტი საგამოცდო ადგილიდან წყლის ნიმუში აიღეს. მთლიანობაში, 258 მდინარის მეოთხედზე მეტიდან აღებულმა სინჯმა აჩვენა, რომ წყალი მოიცავდა წყლის ორგანიზმებისთვის სახიფათო "აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტებს".
”ჩვენ ვიღებთ ამ ქიმიურ პრეპარატებს, მათ აქვთ გარკვეული სასურველი ეფექტი, შემდეგ კი ისინი ტოვებენ ჩვენს ორგანიზმს. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ჩამდინარე წყლების ყველაზე თანამედროვე ეფექტურ გადამამუშავებელ ქარხნებსაც კი არ შეუძლიათ ამ ნაერთების სრულად დაშლა, სანამ ისინი მდინარეებსა თუ ტბებში აღმოჩნდებიან.
”პრობლემის გადასაჭრელად ბევრი ადამიანის დაინტერესებაა საჭირო, რომლებიც ჩემზე ბევრად უფრო ჭკვიანები არიან. ერთ-ერთი გამოსავალი მედიკამენტების სწორად გამოყენებაა. ეს ნიშნავს, რომ გართულდება ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა ანტიბიოტიკები, და დოზებზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება,” - განუცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ექიმმა ჯონ უილკინსონმა BBC News-ს.
კვლევისას ორი ყველაზე ხშირად გამოვლენილი ფარმაცევტული საშუალება იყო კარბამაზეპინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისა და ნევრალგიის სამკურნალოდ, და დიაბეტის სამკურნალო მეტფორმინი. ასევე მალარიის საწინააღმდეგო არტემისინინის (აფრიკაში), „ფართოდ მოხმარებადი პროდუქტების“ (როგორიცაა კოფეინი (ყავა) და ნიკოტინი (სიგარეტი)), ტკივილგამაყუჩებელი პარაცეტამოლის - მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მდინარეებში ანტიბიოტიკების გაზრდილმა არსებობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება, რაც აზიანებს მედიკამენტების ეფექტურობას და, საბოლოოდ, წარმოადგენს „გლობალურ საფრთხეს გარემოსა და ჯანმრთელობაზე“. ყველაზე დაბინძურებული ადგილები, ძირითადად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღმოჩნდა და იმ ადგილებში (ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკაში), სადაც ზღვებში ნარჩენები იყრება და ჩამდინარე წყლების წმენდის სუსტი კონტროლი და ფარმაცევტული წარმოებაა.
0
0