01/03/2024
11:45
ეკონომიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში“ საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარება ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალაა.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი აფინანსებს ამ ძალიან მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც ნათლად აჩვენებს საქართველოს ლიდერობას ამ მიმართულებით როდესაც საქმე ეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს საქართველოს კომპანიების 99%-ს და აქ დასაქმებულია მთლიანი სამუშაო ძალის 70%-მდე. ეს არის ქართული ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა. ინდექსი დაგვეხმარება ჩვენ - ევროკავშირს, გავაძლიეროთ ჩვენი უწყვეტი დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასევე დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს განხორციელებული პოლიტიკის სისწორის შეფასებაში რომ მომავალი ინდექსი კიდევ უფრო წარმატებული იყოს საქართველოსთვის“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის“ მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. ორგანიზაციამ კვლევის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში გამართა, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროგრესზე. ითქვა, რომ ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, უკვე მეოთხედ პირველ პოზიციას იკავებს.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024