08/09/2023
16:57
სპორტი
8 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
„დინამო არენაზე“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე „დინამო არენაზე“ მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა. „ჯვაროსნების“ საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ესპანელებმა კი ვარჯიშის ჩატარება ვერ მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმრების ტვირთი, სადაც მოთამაშეთა ინვენტარი იყო მოთავსებული, საქართველოში დროულად ვერ ჩამოვიდა და ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე იძულებული გახდა, ვარჯიში თამაშის დღეს, დილისთვის გადაედო.
ამასთან დაკავშირებით ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2021 წლის მარტში თბილისში ჩატარებულ შეხვედრამდე „დინამო არენაზე“ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც სტადიონზე განათების სისტემის გათიშვის გამო ესპანელების ვარჯიში ჩაიშალა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ესპანელების მდგომარეობა არასახარბიელოა. ჩვენმა სტუმრებმა ორ მატჩში მხოლოდ სამი ქულა მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებს კი სამი თამაშის შემდეგ ოთხი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. დარჩენილ შეხვედრებში ესპანელებისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და როგორც ისინი აცხადებენ, „დინამო არენაზე“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელით.
ცნობისთვის, A ჯგუფს შოტლანდია 12 ქულით ლიდერობს, საქართველოს და ნორვეგიას 4-4 ქულა აქვთ, ესპანეთს - 3, ხოლო კვიპროსს ქულა არ მოუპოვებია.
საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება და 4 წაგება.
საქართველოს პირველი არხი
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024