20/11/2024
11:10
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ გადის ევროპის ჩემპიონატზე.
ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ხორვატიას დაუპირისპირდა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ლაცაბიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე, ოდიშარია, გაგნიძე, მამაცაშვილი, ო. მამაგეიშვილი, კვერნაძე.მატჩი რიეკაში სტადიონ HNK-ზე გაიმართა.
ძირითადი დრო მასპინძლების გამარჯვებით 3:2 დასრულდა და ორი მატჩის ჯამის გათვალისწინებით, დამატებითი ტაიმები დაინიშნა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ლუკა ხარატიშვილმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა - 7:6.
"უბედნიერესი დღეა ყველასთვის, რადგან ისტორიული შედეგი დავდეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ემოციებით აღსავსე ვართ მთელი გუნდი. დასანანი გოლი მივიღეთ ბოლო წუთას, როცა შეგვეძლო პენლების გარეშე გაგვემარჯვებინა, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც დიდ მოტივაციას გვაძლევდნენ" - თქვა ლუკა ხარატიშვილმა მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ.
ახალგაზრდა ფეხბურთელების წარმატებას მათ მთავარ მწვრთნელს რამაზ სვანაძეს და ბიჭების თანმიმდევრულ თამაშს მიაწერენ.
რა თქვა სვანაძემ გამარჯვების შემდეგ?
"ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, რადგან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი ეტაპიდან პირველად გავიდა, რაც ჩვენს ფეხბურთელებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, მატებს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მომავალ თაობებს. ბედნიერი ვარ, რადგან დიდი შრომა დაგვიფასდა ყველას, მათაც, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არ იყო, მაგრამ შემადგენლობაში მოიაზრება.
გუნდმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა – არაფრისგან გაშვებული სწრაფი გოლი, ბოლო წუთებზე გაშვებული გოლი, რომელიც ბევრზე ცუდად იმოქმედებდა, მაგრამ ამან გუნდი ვერ გატეხა – მჯერა და მწამს ჩემი ფეხბურთელების და არავისზე ნაკლებად ნიჭიერები არ არიან. მათ შეუძლებელი შეძლეს, რადგან ჩემზე კარგად არავინ იცის, რა სირთულეებს ვუმკლავდებოდით შესარჩევ ეტაპსა და პლეი ოფში.
ვფიქრობ, რომ შედეგი კანონზომიერია. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ჩემი პატივისცემა ხორვატ ერს და მომავალში მათ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორი მატჩის ჯამში ჩვენ უკეთესები ვიყავით. წარმატების საიდუმლო პატრიოტიზმია, რომელმაც შედეგი გამოიღო და თამაში ლოგიკურად დავასრულეთ. შემთხვევითი არ არის, პენალტების სერია რომ მოვიგეთ, რადგან ამის გამოცდილება გვქონდა. წინ ევროპის ჩემპიონატია და გილოცავთ" - თქვა სვანაძემ. მის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.
ვინ არის რამაზ სვანაძე?
რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს საფეხბურთო ტრადიციებით ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. ბიძა - ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში“ თამაშობდა. ის იყო იმ ოქროს გუნდის წევრი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასი მოიგო. თავის დროზე, ურიგო ფეხბურთელი არც თვითონ გახლდათ, უკვე რამდენიმე წელიწადია წვრთნის ასაკობრივ გუნდებს.
2013-15 წლებში რამაზ სვანაძე თბილისის "დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. 2015/17 წლებში ის ბაქოს "ინტერში“, ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2019 წლის პირველ მარტს კი ის საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2021 წლის თებერვლიდან კი საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ხელმძღვანელობს.
0
0