07/10/2022
12:13
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) წარედგინა.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0
0