06/09/2024
22:22
სპორტი
ჩეხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა, ტომას სოუჩეკმა „მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი ტურის შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საქართველოსთან ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ისეთივე მოლოდინი მაქვს, როგორც ევრო 2024-ის თამაშამდე. ვიცი, რომ საქართველოში ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბილეთები მალევე გაიყიდა. ასეთ ატმოსფეროში კი კარგ თამაშს ველი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ბევრი კარგი მომენტი შევქმენით და მოგების დიდი შანსი იყო. მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. საქართველო კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერი გუნდია და ხვალ ყურადღებას ამასაც მივაქცევთ.
თბილისში კარგი განწყობით ჩამოვედით და მატჩთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიული გეგმა გვაქვს.
რას ვიტყვი მამარდაშვილზე? ის ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იყო და „ლივერპულში“ ტრანსფერს ნამდვილად იმსახურებდა. პროფესიონალი რომ არის, ეს ჩვენთან შეხვედრაში წარმოაჩინა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს. იმედი მაქვს, 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება. საამისოდ მაქსიმუმს გავაკეთებთ“.
სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს „მიხეილ მესხზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთს ესტუმრება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
0
0