11/10/2024
11:49
მსოფლიო
აშშ-ის ინდიანას შტატში, პოლიციამ მამაკაცი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დააკავა. The Independent-ის ინფორმაციით, 42 წლის დენიელ ფლაჰერტიმ მეუღლე, კაილა ფლაჰერტი, ჩაქუჩის დარტყმით მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მცდელობით განაცხადა, რომ ქალი ავტოავარიას ემსხვერპლა.
დენიელ ფლაჰერტი გიბსონის ოლქის უზენაეს სასამართლოში გამოცხადდა. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს. თავდაპირველად, ფლაჰერტმა პოლიციას განუცხადა, რომ ინციდენტის დღეს, კაილა ფლაჰერტი დედასთან წავიდა. თუმცა კაილას დედამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა, ასევე ვერც პოლიციამ აღმოაჩინა კაილას მარშრუტთან დაკავშირებული რაიმე მტკიცებულება. ის ასევე არ მისულა საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა.
მოგვიანებით, ფლაჰერტიმ პოლიციას განუცხადა, რომ სანამ მისი ცოლი სახლიდან გავიდოდა, ისინი "გარკვეული მიზეზის გამო პირად ურთიერთობაზე კამათობდნენ და, შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ჩაქუჩი დაარტყა". პოლიციამ კაილა ფლაჰერტის ცხედარი, მეორე დღეს, მდინარე ვაბაშთან აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მეუღლისგან განქორწინებას ითხოვდა.
„დენიელ ფლაჰერტიმ აღიარა, რომ მდინარე ვაბაშზე, ავტომობილში მოთავსებულ ქალის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. ავტომობილში აღმოჩენილია კაილას მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
საქმეზე სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს გაიმართება.
0
0