31/07/2024
23:28
სამართალი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მცხოვრები მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც 29 ივლისს სამართალდამცავმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, კრიტიკულად მძიმეა.
დაშავებული მამაკაცი გორში, სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა უტარდება რეანიმაციულ განყოფილებაში. დაშავებულს კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე არის კრიტიკულად მძიმე.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
უწყების ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
,,ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული 50 წლის მამაკაცი და 31 წლის ბრალდებული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და დანაშაულის ფაქტს წინ უძღოდა უთანხმოება.
0
0