21/05/2022
12:51
მსოფლიო
მსოფლიოში "მაიმუნის ყვავილის" 80-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მინიმუმ 12 ქვეყანაში - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინფექცია დადასტურებულია ევროპის ცხრა ქვეყანაში, ასევე, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. WHO-ში ამბობენ, რომ კიდევ 50 საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს - მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომელ ქვეყანაში.
ჯერჯერობით, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოებმა დაადასტურეს შემთხვევები: დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და შვედეთში.
ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილი ყველაზე გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. არსებული ცნობებით, ვირუსი ადვილად არ ვრცელდება და ამ მხრივ რისკი ძალიან დაბალია.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ეს არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც მსუბუქი ფორმით ვლინდება. მათი ცნობით, დაავადებული ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდა.
0
0