29/09/2022
12:03
კონფლიქტები
საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ლიეტუვა გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.
ელჩის განცხადებით, ლუკაშენკოს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა კიდევ ერთი მტკიცეულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად გამოხატავს უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა ლუკაშენკოს მიერ კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ბელარუსი რუსეთთან ერთად ერთიანი ძალისხმევით გამოხატავს უპატივცემულობას გაერო-ს ქარტიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეს ვიზიტი დაიგმო მრავალი მხარის მიერ საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში. ლიეტუვა არ აღიარებს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ჩვენი აზრით, ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი და შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.
0
0