06/07/2022
14:16
მსოფლიო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მალის მთავრობამ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად, 22 მალელი მიგრანტი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა.
დაღუპული ადამიანები 83-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ, რომელთა უმეტესობა მალის მოქალაქეები არიან. ისინი 22 ივნისიდან ავარიულ მდგომარეობაში მყოფ გემზე იყვნენ ჩარჩენილნი.
მალის საზღვარგარეთ მცხოვრებთა სამინისტროსა და გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განცხადებით, ლიბიის სანაპირო დაცვის დახმარებით, 61 ადამიანი გადაარჩინეს და სანაპიროზე დააბრუნეს.
გადარჩენილების თქმით, 22 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა და გაუწყლოება იყო.
უახლესი ტრაგედია, გარკვეულწილად, უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ შიმშილის კრიზისს უკავშირდება, რამაც გააქტიურა ასევე სიღარიბეს, კონფლიქტსა და დევნას გაქცეული ადამიანების ევროპაში მოხვედრის მცდელობები. ომის შედეგების გარდა, ანალიტიკოსებმა ასევე დაასახელეს COVID-19 პანდემიის გავლენა, როგორც უმთავრესი ფაქტორი.
ესპანეთი და ევროკავშირის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ შიმშილის კრიზისი, რომელიც უფრო გაამწვავა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებამ, საჰელისა და აფრიკის სუბ-საჰარის რეგიონებიდან ქაოტურ მიგრაციას გამოიწვევს.
0
0