06/03/2024
15:08
ეკონომიკა
ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა.
პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას წარუდგენს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების გამორჩეული პრაქტიკის მქონე ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად ჩართავენ მოსწავლეებს სწავლების პროცესში, შეაყვარებენ მათ ამ ნაწარმოებს და მის გააზრებაში დაეხმარებიან.
“ლიტერატურის სწავლებას გამორჩეული და კრიტიკული ადგილი უკავია განათლებაში და უდიდეს გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნულ განვითარებაზე, მისი ხასიათისა და ღირებულებათა სისტემის ფორმირებაზე. „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი მთავარი წიგნია, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას, კულტურას მნიშვნელოვნად უკავშირდება და მის ფუნდამენტს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ამ ნაწარმოების სწავლა-სწავლების შემდგომ გააზრებას და მის განვითარებას. ეს პრემია მიზნად ისახავს ერთი მხრივ მოვახდინოთ ამ საკითხის აქტუალიზება, ბიძგი მივცეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივებს, ჩავრთოთ და დავაკავშიროთ სხვადასხვა აქტორები. თუმცა რა თქმა უნდა ჯილდოს მისიიდან გამომდინარე მთავარი მიზანი გახლავთ წავახალისოთ ჩვენი ლიტერატურის მასწავლებლები, დავეხმაროთ მათ საკუთარი პრაქტიკის განვითარებასა და გაზიარებაში.”- ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის თავმჯდომარე.
,, ვეფხისტყაოსანი უზარმაზარი სამყაროა. ეს არ არის უბრალოდ ერთი, თუნდაც საუკეთესო მხატვრული ნაწარმოები. ეს პოემა თავისი სიღრმით, მრავალფეროვნებით, მხატვრული ფორმების დახვეწილობითა და ისტორიული მნიშვნელობით ქართული ლიტერატურისა და ზოგადად კულტურის გარკვეული საყრდენი და საფუძველი გახდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენს სკოლებში მისი სწავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. შეუძლებელია ეს პოემა შაბლონურად, ერთი სტანდარტითა და ერთ თარგზე მოჭრით ისწავლებოდეს, მასთან შეხებისას მნიშვნელოვანია მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება, რომელსაც იგი მოსწავლეებს გაუზიარებს. ვფიქრობთ ამ მხრივ ჯილდო „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
პრემია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge აპრილის ბოლოს გამოცხადდება. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთი ბანკისგან 1000 – 1000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და ვეფხისტყაოსნის სასუვენირო გამოცემას მიიღებენ.
კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ალექსანდრე ლორთქიფანიძე - მწერალი, თეონა ბექიშვილი-თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგი, ლევან გელაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი და ნატა ლომოური-ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024