19/09/2024
10:43
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა ოცი და დაშავდა 450 ადამიანი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობის „ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ.
მედიასაშუალება წერს, რომ გადამცემები „ჰეზბოლამ“ დაახლოებით ხუთი თვის წინ შეიძინა, დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც პეიჯერები შეიძინა.
მანამდე, ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, 3 000-მდე კი დაშავდა.
„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა დღეს სიტყვით გამოვა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პარიზში ევროპელ კოლეგებს ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებული კრიზისის შესახებ სასაუბროდ შეხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების სერიასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.
0
0