24/12/2023
09:19
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში „რომას“ ესტუმრა და ცხრა ფეხბურთელით დარჩენილმა, დაძაბული შეხვედრა 0:2 წააგო.
რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ სერია A-ს მე-17 ტურის მატჩი ხვიჩამ კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირველ ტაიმში არბიტრმა რომაელთა მოთამაშეებს ორი ყვითელი ბარათი აჩვენა. ამის გამო „რომას“ მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ქართველ შემტევს დაუპირისპირდა, მაგრამ მერე გადაეხვია და ინციდენტიც ამოიწურა.
„ფროზინონესთან“ სათასო შეხვედრის ჩაგდების (0:4) შემდეგ გულშემატკივრები გუნდისგან დადებით შედეგს ელოდნენ. მატჩი რთული და დაძაბული გამოდგა, პირველ ტაიმში „რომამ“ უფრო მეტი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ ისარგებლა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ – 0:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ერთ ეპიზოდში თამაში კარგად გაამწვავა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ „რომას“ მეკარე რუი პატრისიომ საიმედოდ ითამაშა. დაძაბულობა მეორე ტაიმშიც არ შემცირებულა. 66-ე წუთზე მატეო პოლიტანო უხეშობამ მწყობრიდან გამოიყვანა, მეტოქეს წიხლი მიარტყა და მოედნიდან გააძევეს.
„რომამ“ რიცხვობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა – მასპინძლების შეტევა 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.
86-ე წუთზე არბიტრმა ნეაპოლელების თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენიც გააძევა და „ნაპოლის“ მდგომარეობა გამოუვალი გახდა, ამ დროს მაძარიმ კვარაცხელიაც შეცვალა.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში რომელუ ლუკაკუმ მეორე გოლიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლი“ 17 ტურის შემდეგ, 27 ქულით მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა, „რომა“ (28) კი ამ მოგებით მე-6 ადგილზე დაწინაურდა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.
საქართველოს პირველი არხი
0
0