06/06/2023
12:05
სპორტი
ნეაპოლი ზეიმობს. „ნაპოლი“ 33 წლის განმავლობაში, დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი. ყველა წამყვანი იტალიური გამოცემა ამ წარმატებაში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს აღნიშნავს, რომელიც სეზონის მოთამაშედ დაასახელეს.
La Gazzetta dello Sport – ის ევროპული დონის მთავარი გმირია
„ჩემპიონატი ყველაზე ლამაზმა გუნდმა მოიგო – უძლიერესმა, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და საუკეთესო დაცვა ჰყავდა. არასოდეს დაუპყრიათ სკუდეტო ასეთი აშკარა სიმარტივით. ეს ჩემპიონატი არ იყო დიალოგი – ეს იყო ერთი გუნდის ერთი გრძელი და სანახაობრივი მონოლოგი. ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლის“ უძლეველი მექანიზმის ნაწილებისგან აწყობა მარტივად შეძლო. ამაში თავისი როლი ითამაშა კვარაცხელიამ – არც თუ მცირე უნარების მქონე მოთამაშემ, რომელსაც სპალეტი ავითარებდა და ბოლოს ის ევროპული დონის მთავარი გმირი გახდა“.
Corriere dello Sport – თბილისელმა ბიჭმა დაამტკიცა
„ნეაპოლელთა მესამე ჩემპიონობაში არის რაღაც ანომალიური და მიწიერიც. ალბათ ყველაზე დიდი ხნის ნანატრი და მნიშვნელოვანი გამარჯვება კლუბის ისტორიაში, რადგან ამას მარსიანელი გენიოსის, დიეგო მარადონას გარეშე მიაღწია. კვარა და ოსიმენი წარმოადგენენ ამ გუნდის მანიფესტს, რომელმაც ზაფხულში გაბედული არჩევანი გააკეთა კულიბალისა და ინსინიეს, მერტენსის და ფაბიან რუის გაშვებით. მოხერხა ხელფასის „ჭერის“ დაწესება და ვალების დაფარვა. ეს იყო შემობრუნება კომპეტენციის სახელით. სეზონში კვარაცხელიას 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემა ბევრს ნიშნავს: თბილისელი ბიჭი ამტკიცებს, რომ ფეხბურთისგან შესაძლებელია ემოციების მიღება და ტიტულების მოპოვება შედარებით ნაკლები დანახარჯებით. თანაც ისე, რომ გუნდი ფინანსურმა არასტაბილურობამ არ შეარყიოს“.
Tuttosport – რად ღირს მარტო კვარაცხელიას ტრანსფერი
„ამ ტრიუმფს კლუბი და ქალაქი დიეგოს მითის მიღმა გადაჰყავს, რაც ხაზს უსვამს გუნდის და მისი პრეზიდენტის პროექტის სერიოზულობას, მწვრთნელისა და ფეხბურთელების კარგ მუშაობას. მარადონამ დაწერა უნიკალურ სუპერგმირზე აგებული ზღაპარი. ახალი „ნაპოლი“ კი არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ააშენო გამარჯვებული გუნდი არაპოპულარული, მაგრამ გააზრებული და გაბედული ნაბიჯებით. რად ღირს მარტო ნამდვილი თვითნაბადი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი“.
0
0