23/01/2022
10:18
საზოგადოება
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე.
„იულონ გაგოშიძე ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე, ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის.
ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს. ჩემთვის გაუგებარია, ვისგან და რისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე, ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა - ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე, ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს; ასევე, იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს.
ასევე, ბატონი იულონის რძალი მუშაობს ჩვენს სისტემაში „ნაციონალების“ დროიდან და ხელფასს იღებს; ასევე, ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილიშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ ხელოვნების მუზეუმში. ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, რომელიც გარკვეული „ბონბონიერია“, რომელშიც შენ ვითარდები, ხარ რა საბჭოთა დროის მეცნიერი, თვლი, რომ ეს საბჭოეთი კარგია, რომელიც შემდეგ გააღვივა და გააძლიერა სწორედ ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, როცა იყო ჩემი წინამორბედი. თავადაც, როცა ბონბონი გგონია თავი და ხარ „ბონბონიერში“, შემდეგ როდესაც ამ სიმყუდროვეს გირღვევენ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ლეგიტიმურად ჩაითვალოს შენი აღშფოთება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელ გიორგი გაგოშიძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის სულისჩამდგმელი იმისა, რომ წითელი კრამიტით უნდა გადახურულიყო გელათი.
„რაც შეეხება ყოფილ თანამშრომელს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს, საბჭოეთის მეცნიერის, ბატონი იულონის, სააკაშვილის მინისტრის შვილს, მის სახელთან არის დაკავშირებული გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესები. ბატონი გიორგი გაგოშიძე, აწ უკვე გათავისუფლებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, გახლავთ ერთ-ერთი თანაავტორი იმ პროცესებისა – გელათის ფრესკების სავალალო ჩამოშლისა, რომლის შედეგებიც დღეს ჩვენ მიერ არის შეჩერებული.
გიორგი გაგოშიძე გახლავთ კაცი, რომელიც სულ მცირე ხუთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან საბჭოს ძეგლთა დაცვაში, რომელიც ამტკიცებდა ძეგლების დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს. ის იყო ასევე სულისჩამდგმელი იმისა, რომ სწორედ ამ ტიპის კრამიტით უნდა გადახურულიყო გელათი.
როდესაც მას თათბირებზე ვიბარებდი, ამის მოწმე იყო 15-20 პირი, მას არასდროს პასუხი არ ჰქონდა, რატომ ეს უვარგისი წითელი კრამიტი. ჯამურად რომ შევაფასო, მან თანამოაზრეებთან ერთად ჩათვალა, რომ გელათზე შეიძლება, აწარმოო ექსპერიმენტი და გამოცადო ამგვარი ტიპის კრამიტი.
ეს არის გიორგი გაგოშიძე და ამიტომ, გასაგებია, რომ ეს აქცია არის ანეკდოტი, რადგან გიორგი გაგოშიძე და მისი მთელი ოჯახი დაირაზმა და აპროტესტებს კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს, რადგან მათ მოსწონდათ, რასაც თავად აკეთებდნენ და რისი შედეგიც არის გელათში ჩამოშლილი ფრესკები. გიორგი გაგოშიძე 2010 წელს არის სისტემაში მოსული. ეს არის მთელი „ბონბონიერის“ სასათბურე პირობები, რომელიც ახლა ირღვევა და იწვევს მათი მხრიდან უკმაყოფილებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0