23/04/2024
12:24
კულტურა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმიანება სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის კაფე „ქიმერიონისა“ და „ანონას“ მხატვრობის კონსერვაციის თაობაზე.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კაფე „ქიმერიონისა“ და „ანონას“ მხატვრობის კონსერვაციისათვის სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავდა კონსერვაციის პროექტი, რომელიც შეეხება ხუთ სხვადასხვა სცენას/ლოკაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ საკონსერვაციოდ შერჩეულ ყველა მონაკვეთზე აღმოფხვრილია დამაზიანებელი ფაქტორები და კედლები არის მშრალი, ხოლო იმ მონაკვეთებში (შენობის ფასადის მხარე), სადაც კვლავ შეინიშნება დანესტიანება, სამუშაოები გამოშრობამდე დაგეგმილი არ არის.
დამატებით განვმარტავთ, რომ კედლის მხატვრობის დამაზიანებელი ფაქტორი იყო კაფე „ქიმერიონის“ მომიჯნავე სივრცეებში გამავალი წყლის მილების გაუმართაობა, რაც, როგორც ჩანს, გარკვეული დროის მანძილზე იყო სახეზე. გასული წლის ზაფხულში, სააგენტოს მითითებით, დაზიანებული მილების გამოყენება შეწყდა.
საგულისხმოა, რომ კონსერვაციის პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თავად შეიმუშავა, ნებართვის მისაღებად ქ. თბილისის მერიაში 2023 წლის 4 დეკემბერს გაიგზავნა. ამჟამად მიმდინარეობს მისი განხილვა და ნებართვის მიღებისთანავე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განახორციელებს შერჩეული მონაკვეთების კონსერვაციას, რისთვისაც გამოყოფილია შესაბამისი სახსრები. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
0
0