30/10/2023
16:48
კულტურა
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს კონსერვატორიაში დაუდასტურეს.
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული – გიორგი შავერზაშვილი და მაია ვირსალაძე.
გიორგი შავერზაშვილი კონსერვატორიის საკომპოზიტორო მიმართულების პროფესორი და აკადემიური საბჭოს წევრია.
მან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენისას კონსერვატორიის განვითარების 13-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. მისი თქმით, გეგმა მიზნად ისახავს კანონით განსაზღვრულ ვადაში შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ წარმატებით ჩაატაროს რექტორის არჩევნები.
გიორგი შავერზაშვილის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, უპირველესად საჭიროა ყველა პირობის შექმნა სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის; შემოქმედებითი და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა, როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტების განხილვა და წარმართვა, უწყვეტი სასწავლო და სამეცნიერო პროცესის უზრუნველსაყოფად.
თავის გეგმაში ის კულტურის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციის გაზრდაც საუბრობს.
„საჭიროდ მიმაჩნია მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან“, – ვკითხულობთ გიორგი შავერზაშვილის მიერ წარდგენილ გეგმაში.
0
0