13/10/2023
16:40
კულტურა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ 2023 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიხმო.
კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბულიამ (თავად რექტორი, ქალბატონი ნანა შარიქაძე, ხანგრძლივი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ კონსერვატორიის შუამდგომლობები მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანების შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა და კონსერვატორიას მაინც მოუწია, ემუშავა ბრძანებაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრაზე.
სასამართლომ 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა სარჩელის გახმობის შესახებ განცხადება.
როგორც ცნობილია, 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. სარჩელის ხელმომწერია კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბულია. ზემოაღნიშნული სარჩელით კონსერვატორიამ მოითხოვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის შუამდგომლობები.
0
0