17/06/2022
16:39
ბადაგონი
ღვინის კომპანია „ბადაგონის“, ალავერდის ეპარქიისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი - "შუამთის ტურისტული კარიბჭე“ ოფიციალურად გაიხსნა. შუამთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის სივრცეში, ასევე, განთავსდა „ბადაგონის“ კიდევ ერთი ღვინის რესტორანი „ბადაგონის სახლი შუამთის კარიბჭე“, რაც ათასობით პილიგრიმს თუ კულტურული ტურიზმის მოყვარულს, შესაძლებლობას მისცემს, მოინახულოს ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები: ახალი და ძველი შუამთას მონასტრები, შემდგომ კი ტრადიციული კერძები დააგემოვნოს, ამავე სივრცეში არსებულ ბადაგონის რესტორანში.
„ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ტურისტული კარიბჭე“ და ახლადგახსნილი რესტორანი იძლევა, ახალი განვითარების ბიძგს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ პერსპექტივას.
„დღევანდელი დღე სასიხარულო და ამასთან ერთად, საამაყოც არის. დღეს აქ, კახეთის ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ და განსაკუთრებული მადლით შემოსილ ადგილას, გაიხსნება შუამთის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ბადაგონის კიდევ ერთი ღვინის რესტორანი. მეამაყება ის ფაქტი, რომ აბბა ალავერდელის მეუფე დავითის ლოცვა კურთხევით, საკმაოდ რთულ ვითარებაში, ყველამ ერთად შევძელით კიდევ ერთი ახალი სუნთქვა შთაგვებერა კახეთის რეგიონის და ალავერდის ეპარქიის ცხოვრებაში.
ამ თვალსაზრისით, მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო პარტნიორების კონტრიბუცია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოდან, კომპანია RUDERAL- ის შეტანილი წვლილი და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოჩენილი კეთილგანწყობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ჩემი აზრით, არის ის გარემოება, რომ შექმნილი ახალი კომფორტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ვიზიტორებს, მიეცემა გომბორის ქედზე გაშლილი ბუნებრივი სილამაზის ცქერის შესაძლებლობა. ათასობით პილიგრიმს თუ კულტურული ტურიზმის მოყვარულს შეეძლება ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ისეთი მარგალიტების დათვალიერება, როგორიც არის ახალი და ძველი შუამთას მონასტრები. მგონია, რომ ამ მძიმე პერიოდში, როდესაც ქვეყანამ გაიარა პანდემია და როდესაც ჩვენს მეზობლად მძვინვარებს ომი, განსაკუთრებით უნდა ფასდებოდეს მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და უბრალოდ დადებითი ემოციები, სიხარული, ლხინი და ყველაფერი ის რაც საინტერესოს და ბედნიერს ხდის ადამიანების ცხოვრებას.
მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა და მოგილოცოთ ეს დღე და ეს არაჩვეულებრივი წამოწყება! იმედს ვიტოვებ, რომ ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დალოცვილი მხარის, ბუნების, ღვთის თუ ადამიანის მიერ შექმნილი მშვენიერების თანამოზიარე ათობით ათასი მოგზაური გახდება!“ - განაცხადა გოგი სალაყაიამ.
„შუამთის კარიბჭე“ გახლავთ, ალავერდის ეპარქიაში არსებული ტურისტული ობიექტი - ვიზიტორთა მართვის ცენტრი, რომელიც ითვალისწინებს ალავერდის მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ტურისტული სექტორის ხელშეწყობას. კომპანია "ბადაგონი" საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და USAID-ის მხარდაჭერით, "შუამთის ტურისტული კარიბჭეს" და იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის მმართველი კომპანია გახლავთ, რომელიც ზრუნავს ობიექტების ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე. სწორედ „ბადაგონის“ უშუალო ჩართულობით ამოქმედდა, ვიზიტორთა მისასალმებელი ცენტრი.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი დარწმუნებულია, რომ ალავერდი გახდება კახეთში ტურისტული მიზიდულობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. ამის შესახებ, მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„შუამთის კარიბჭის ვიზიტორთა მისასალმებელი ცენტრი“ და „იყალთო- ქვევრის სკოლა“ მოემსახურება ვიზიტორებს, როგორც ალავერდის მემკვიდრეობის ბილიკის დამაკავშირებელი პუნქტები.
მხარეები შეთანხმდნენ პარტნიორობაზე, რათა გაიზარდოს კახეთის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები, განვითარდეს ალავერდის მემკვიდრეობა, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც აერთიანებს სამ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლს: შუამთას, იყალთოს და ალავერდს.
0
0